Saturday, November 10, 2007
თავდაცვა
გაზაფხული იყო ალბათ
რადგანაც მოგონება ყაყაჩოებს
გადამხტარი მოიწევს ჩემსკენ.
თუ ნოსტალგიამ
მეტისმეტი სიჩქარისგან
არ უარყო სახსოვარი;
ყველაფერი ხომ ასე ძლიერ ემსგავსება
ერთმანეთს არეულობისას.
მაგრამ შეიძლება სულაც არ ცდებოდეს მოგონება
და სწორედ ეს ფონი იყოს უცხო -
ყაყაჩოები კი ნათხოვარი
სხვა ამბიდან -
ჩემი თუ სხვისი.
ასე ექცევა მოგონება.
ესთეტიკით, ამპარტავნებით.
თუმც, ალბათ მაინც გაზაფხული იყო -
მოგონებებთან
მოზუზუნე ფუტკრებსაც ვხედავ.
სენტიმენტებით და რწმენით გროვდებიან
ყვავილთ ბუტკოსთან.
ან შესაძლოა გამძაფრებული კანონი იყოს წარსულისა,
ვერგანმეორებადის მექანიზმი.
თუ რჩება ყოველთვის ჯერი
დასრულებულში
გამოცდილებისა, მწუხარების,პოეზიის ასასახად.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
1 comments:
esec dimulaa? <3 momewona rogor
Post a Comment