Saturday, May 05, 2007

მაგიდა


ჯერ კიდევ მახსოვს იმ წებოს სუნი. მაგიდის ქვეშ ცარცით რაღაც ნიშნები იყო გაკეთებული. ინვენტარიზაციის აღნიშვნის მიზნით.

მიკვირს ამ წებოს ამ მიმხმარ, გაყვითლებულ გროვებს რომ ვხედავ მაგიდის კუთხეებში. საკუთარი სახურავი მაქვს. ისეთივე პატარა, როგორიც მე ვარ. ამ სახურავს მეტი კომფორტისთვის ოთხი ფეხიც აქვს. ოთხი წერტილიდან დაცული ვარ.


დიდი გოგო ვარ უკვე, დიდი პრობლემებით. მახსენდება ის მაგიდა. რამდენჯერაც გამახსენდება, იმდენჯერ იმედიანად ვგრძნობ თავს! მე ხომ თავშესაფარი მაქვს, რომელიც ჩემს შიგნით ცხოვრობს ჯერ კიდევ. გამახსენდება, გამეღიმება იმედიანად და სულ უკანასკნელ წუთამდე მის ქვეშ, ახლა უკვე სხვა მაგიდის ქვეშ შეძვრომაზე ოცნება მსიამოვნებს.
რა თქმა უნდა, არც არასდროს დამიპირებია, მართლაც შევმძვრალიყავი მაგიდის ქვეშ; შეიძლება ”ის” მაგიდა მჭირდებოდა, სხვა სახლში რომ დავტოვე.

ამ ფიქრს ვეფერებოდი და თან მეშინოდა, ეს ჩემი ოცნება არ გაცრუებულიყო. რომ შევმძვრალიყავი და მაგიდას ემტყუნა?

და მაინც.

გავბედე.

შევძვერი.

.... დამთბა. ძალიან დამთბა და დავმშვიდდი.

0 comments: