ხანდახან არის წუთები, როდესაც დაფიქრდები და ხვდები, რომ გარშემო მყოფი ადამიანებიდან ვერავისთან ვერ ახერხებ კონტაქტს. ეს წუთები ხან დღეებად იქცევიან, მერე კი მთელი სიცარიელე მოდის და დგება შენს წინ. ასე, აიტუზება და ვერაფერს ვეღარ ხედავ. ობიექტური შეგრძნებები სულ დაკარგული გაქვს.
მარტოობა იწვევს ამას თუ პირიქით, არ ვიცი.
le voyage en soi-meme. ეს წარწერა აქვს ანგელოპულოსს თავის კაბინეტში. მოგზაურობა მარტოსული პროცესია. შეიძლება ადამიანებთან ერთადაც მოგზაურობდე, მაგრამ ის, რაც მოგზაურობად ღირს, მხოლოდ შენი გამოცდილებაა, რომელიც მუდამ თან გდევს და არსად მიდის. მერე ერთად რჩებით შენ და შენი გამოცდილება.
με λέξεις σε έφερα ξανά και είσαι εδώ...
"სიტყვებით დაგაბრუნე და ისევ აქ ხარ."
და შემდეგ უკვე აღარ ითარგმნება ეს ფილმი.
სიტყვები, რომლებიც გვჭირდება, მუდმივად გვეკარგება ხოლმე. მაშინ მოდიან, როდესაც არ არსებობენ რეალურად, ჯერ არ არიან შემოსული ჩვენში. ხოლო როდესაც ჩვენ მივდივართ სიტყვებისკენ, ხელიდან გვისხლტებიან. ძალიან იშვიათად, ეგზალტაციის ან სულის არა ჩვეულებრივი მდგომარეობის დრო დგება ხოლმე სიტყვისა და განწყობის ქორწინება. პათოსი ძალას გვაცლის. წერ, წერ, წერ.... პათოსი ყელში გიჭერს. მარტოობა იზრდება.
ძალიან როდესაც ჩამხუთავს ხოლმე ჩემი ოთახი, გამოვდივარ და ვჯდები სამზარეულოში. სოციალიზაციის ნაკლები სურვილით, მაგრამ ტანს მოვათავსებ ხოლმე სკამზე, როგორც ახლა. სულს ავაფოფხებ სხეულებრივი არსებობის აუცილებლობის კუნძულზე და ზედ შევრჩები. ასე გადავირჩენ ხოლმე თავს.
0 comments:
Post a Comment