Saturday, February 24, 2007

არასრული თარგმანი














ისე შემომხედე,თითქოს პირველად ვხვდებოდით და უნდა შემეფასებინე. შეგაფასე. საშინლად აღარ მომეწონე. ვიფიქრე - ეს ცხოველი რო შემეხოს,მანქანიდან გადავხტები თქო. არ გადავხტი და დავრჩი. აი, სწორედ ასეთ დროს ხდება ხოლმე არჩევანის გაკეთება. როდესაც ან გენანება დასაკარგად. ან გეცოდება გასაწირად. გგონია,რომ ვერ გადახარშავს ასეთ საქციელს. გგონია,რომ ამას ვერ გააკეთებ - პასუხისმგებლობა გაქვს. საბოლოოდ კი შენ ვერ ხარშავ ვერაფერს. უბრალოდ წყვეტ ფიქრის ნაკადს და თიშავ გრძელი მეხსიერებისკენ მიმავალ მოკლე მეხსიერების არხებს. მოკლე მეხსიერებაში ის შოკი რჩება,რომელიც მალე გადის. გრძელში კი მხოლოდ სასიამოვნო,ძვირფას და ტკბილ მოგონებებს აგზავნი. მაშინვე ანაწილებ კატეგორიებში და ყუთებში. ტკივილისგან დამცავი რეფლექსები მაშინვე გამალებით ამუშავდებიან.

მოკლედ, არ გადავხტი მანქანიდან. შემეცოდე, შენამდე მოსვლისთვის დახარჯული დრო დამენანა, წარსულმა მოგონებებმა მიმაწებეს სკამზე თუ რა იყო, ამას არა აქვს დიდი მნიშვნელობა. მნიშვნელობა იმას აქვს, რომ დავრჩი.

მგონი სხვანაირად არც იქნებოდა. გულახდილი რომ ვიყო საკუთარ თავთან და არ ვიპრანჭებოდე ახლა, იმასაც ვაღიარებდი, რომ ამაზე სერიოზულად არც მიფიქრია. ალტერნატივა არც ყოფილა. შენამდე მოსასვლელად გრძელი გზა გავიარე - დროშიც და სივრცეშიც. წამებში, წუთებში, საათებში, დღეებში, თვეებში, წლებში ასე გამოიხატება - ორი წელი. თავში რომანტიკა და თვალებში შიში.

მანქანაში ჩაჯდომამდე „ვნებიანი კოცნა“, პროგრამით გათვალისწინებული უფრო. კოცნაში ვნება ნაკლებად იგრძნობა - ჩემი თუ მისი მიზეზით.

საუბარი:

* რას სწავლობ ახლა?
* ბლა-ბლა-ბლა (ვცდილობ ავირიდო არასასურველი საუბარი, არაფერი გამომდის. საუბრის თემა მზად ჰქონდა ამდენი ხანი, ახლა მე ამას საუბრის თემას შევაცვლევინებ?! არც იფიქრო, მწარედ არის ჩაჭიდებული და არ ეშვება).
* და რა უნდა გააკეთო მაგ პროფესიით მომავალში?
* ან.... ან.... ან....
* როგორ, კიდევ არ იცი?.... (ფიქრის გაგრძელება: ზუსტად როგორი უნდა იყოს შენი ცხოვრება?)
* იცი, ამაზე ვიფიქრებ, ოღონდ მერე. (ფიქრის გაგრძელება: ახლა შენთან ლაპარაკი სულაც არ მინდა)
* ჩემი შვილივით ხარ. იმანაც არ იცის რა უნდა, არ ფიქრობს მომავალზე. ასეთები ხართ ახალგაზრდები. სულაც არ ფიქრობთ ხვალინდელ დღეზე.
* ჰო, მაგრამ შენსავით სულ მომავალზე თუ ვიფიქრეთ ( ფიქრის გაგრძელება: რომელიც არ გაქვს), აწმყოთი ვინ იცხოვრებს?
* ჰო, მართალი ხარ, აწმყოც მნიშვნელოვანია. ალბათ ამით განვსხვავდებით. ჩვენ ბევრ რამეზე უნდა გვეფიქრა... ( იწყება დიდი მონოლოგი გერმანიისა და ბერძნული ემიგრაციის შესახებ).
* ..... ( ფიქრის გაგრძელება: ჩემს მომავალზე იმდენი ვიფიქრე, აწმყო სულ გამეპარა ხელიდან. ახლა აწმყოზე ვფიქრობ და მომავალი მომავალმა იცის).



ეს საუბარი აქ მთავრდება, თუმცა ამ თემას, ჩემი დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად კვლავ ბევრჯერ დავუბრუნდებით.


* კრეტაზე ძალიან დავიღალე. საშინელი წვიმები იყო, შესაბამისად, სამუშაოც ნელი ტემპით მიდიოდა.

მე ვდუმვარ, როგორც ყოველთვის და მომღიმარი სახით ვუსმენ.


მძიმე ხელებით დამიფარა მთელი ტანი და მე სიამოვნებისგან გავიტრუნე. ახლა უფრო სასაცილო მომეჩვენა მანქანიდან გადმოხტომაზე ფიქრი. მერე დავიძინეთ.

გავიღვიძეთ. ყველაფერი გეგმით მიდის.

* სად გინდა ამ საღამოს გასვლა?
* იცი, სულერთია... ხომ იცი, ჩემთვის სულერთია.
* მმმმ. (იწყებს ფიქრს... - ესეც პროგრამის ნაწილია. პროგრამა ჩემს შემეცნებით-გასართობ საქმიანობასაც ითვალისწინებს. ხანდახან ეჭვი მეპარება, შვილივით ხომ არ ვუყვარვარ... ) - რამე განსაკუთრებულის ჭამა გინდა?

მე თავს ვაქნევ. ყველაზე ნაკლებად ვგრძნობ მუცელს და შინაგან ორგანოებს როცა მასთან ვარ.

* არ მშია. მაგრამ ალბათ შენ მშიერი ხარ. წავიდეთ და ვჭამოთ...



როდესაც მკოცნის, სრულიად ვქრები. ბედნიერება და სიყვარული ძალიან ბანალურია. ყველას სიყვარული ერთმანეთს ჰგავს. შეყვარებულ წყვილებს როდესაც შეხედავ, ზუსტად ერთნაირად იქცევიან, ასე გვიყალიბდება ზოგადი წარმოდგენაც სიყვარულის ნიშნებზე. „თვალდახუჭული მკოცნის? ე.ი. ვუყვარვარ“. შეიძლება თვალგახელილმა რომ გაკოცოს, არ უყვარდე? მე ხანდახან ვახელ თვალებს, რომ დავინახო მისი სახე კოცნისას. პატარა ეშმაკობა. მერე კმაყოფილი ისევ ვხუჭავ თვალებს და ნეტარებას ვეძლევი. მაინც ბანალური გოგო ვარ.

********

სამი საათიც და ვიცი, საერთოდ ვერასდროს ვერ ვნახავ. მე ეს გადაწყვეტილება დიდი ხანია მივიღე. ამიტომაც ვარ აქ: რომ აღარასდროს აღარ ვნახო.

ზუსტად 5 წუთში ჩავალაგე და ქვემოთ ჩავიტანე ჩემოდნები.

ტკივილი ძვლებამდე აღწევს. თავი მიბზუის. საერთოდ გათიშული მაქვს ყველა შეგრძნება. სისხლი გაყინული მაქვს. ვეჯაჯგურები ზეწარს. ისე უხეშად ვაძრობ, არ მემორჩილება.

* კარგი, დაანებე თავი.

კიბეებზე ჩავრბივარ და კართან ვჯდები. წინ ჩემოდნები მილაგია.

მანქანაში ვჯდებით. ერთმანეთს არც ვუყურებთ. სრულიად გამომშრალი ვარ. საშინლად მეძინება.

* მე რასაც შეგპირდი, ყველაფერი შევასრულე. დაგხვდი აეროპორტში, ახლა უკან მიმყავხარ...

ღმერთო, როგორ შეუძლია ლაპარაკი?! მე ყელი გამშრალი მაქვს სრულიად. რომც მოვინდომო, სიტყვა გამომშრალ ხახაში ვერ გამოსრიალდება. არ ამოდის. ვცდილობ ამოვთქვა რამე.

* ჰო, მაგრამ არის რაღაც, რასაც წინასწარ ვერ იტყვი. მე ვერ შევძელი. დაგპირდი, მაგრამ ვერ შევძელი.
* კარგი, მორჩა ეს თემა. აღარ გვინდა ამაზე.

აეროპორტისკენ გზაში ჩემი ჩასვლისას გამოგზავნილი შეტყობინება მოდის, რომელმაც მანამდე ვერ მოაღწია ჩვენი ვნებების ოთხკედელში. „ მიხარია,რომ ბედნიერი ხარ, შეეცადე რაც შეიძლება, მეტი სითბო წამოიღო“.

სითბო ზუსტად ოთხკედელში დავტოვე. ჩემი გულის ოთხკედლიან ყუთში კი მოგონებები გამოვკეტე და გასაღები მის ტელეფონში ჩემი ნომრის წაშლით გადავაგდე მისი გაურკვეველი ფიქრებისა და ამღვრეული თვალების შეუცნობელ სიცარიელეში.

2 comments:

VaHo said...

’’ბედნიერება და სიყვარული ძალიან ბანალურია’’...ჰეჰე... ეს ყველაფერი ისეთი მარტივია..დაშლილი...დაქუცმაცებული...თუმცა მაინც მიუწვდომელი.

Antigone said...

სიმარტივეშია არა მარტო ჭეშმარიტება, არამედ სიხარულიც. თუმცა ადამიანები ყველაფერს ვართულებთ. მე კი ამაში ყველაზე წარმატებული ვარ.