
ასე მოიწლაწება,მოდის,მოდის და ამეტუზება წინ.
-წადი- ვეუბნები.
ის კი დადგება ჩუმად და სიცარიელით მავსებს. დამაყრუა ამ სიჩუმემ, გავიჟღინთე მისით, მაგრამ ესეც არ ჰყოფნის. სანამ მე არ ვიქცევი მთლიან,ყრუ სიცარიელედ,სანამ ყველა სულის სარკმელი არ დაიგმანება და არ ვიქცევი მოლასლასე ხორცის გროვად, ასე იდგება ჩემს წინაშე და სულსასრუტივით შემისუნთქავს.
სახსრებით ვგრძნობ ხოლმე მის მოახლოებას. მოხუცებს რომ ართრიტი უმწვავდებათ ამინდის შეცვლისას,ისე. მაგრამ ამინდი იცვლება, შენ ხო ვერ შეცვლი. ამის შეცვლა მე კი შემიძლია, მაგრამ მზერა აქვს ისეთი... გამჭოლი და შემაზანზარებელი. თვალებში რომ შევხედავ ხოლმე, ვერაფერს ვაწყობ და მივყვები.
ახლაც გავყევი....
და ახლა ხელჩაკიდებული მიმათრევს თავის უზარმაზარ სამფლობელოში. არა, მიმათრევს რა.. ხო ვთქვი, მივყვები მეთქი. ნების მიერი საქციელია. ნების-მიერი. ნებისმიერი ასე მოიქცეოდა.